ვინ არის მამაკაცი, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა – მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მამაკაცი, რომელიც დღეს წერეთელზე, პოლიციის განყოფილებიდან გადახტა, ლევან გაჩეჩილაძეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. როგორც ცნობილია, 46 წლის ლევან გაჩეჩილაძეს, ყოფილმა ცოლმა ძალადობის გამო უჩივლა. ყოფილი ცოლი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში კი  რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მამაკაცის გადმოხტომის საქმეზე გამოძიება დაიწყო.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.

“2021 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან გადმოხტა მამაკაცი.

აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, – ნათქვამია განცხადებაში.