ვინ დაიჯერებს ამ ბავშვურ ტყუილს, პარალელური დათვლა გააყალბეს – მდინარაძე ISFED-ზე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ISFED–მა პარალელური ხმის დათვლის (PVT) შედეგები შეგნებულად, ოპოზიციასთან შეთანხმების გზით გააყალბა, რათა ქვეყანაში არეულობისთვის და ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის შექმნისთვის შეეწყო ხელი.

“პრაქტიკულად, გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი “შეცდომით” ქვეყანას ატრიალებდა, ცესკოს გაყალბებას აბრალებდა და დღეს ცდილობენ, ეს ყველაფერი ადამიანური შეცდომით და შემთხვევითობით გაამართლონ. წარმოუდგენელია, შეცდომის დაშვება ამხელა გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან”,– ამბობს მდინარაძე.

მისივე მტკიცებით, სამართლიანმა არჩევნებმა სპეციალურად შეცვალა პარალელური დათვლის შედეგები, რათა ოპოზიციისთვის მყარი საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ.

“სხვა გზა არ ჰქონდათ, იმიტომ, რომ თავიდანვე რომ გამოექვეყნებინათ რეალური მონაცემები ნახავდნენ, დაემთხვეოდა ცესკოს მონაცემებს და კითხვის ნიშნები აღმოიფხვრებოდა. საპროტრსტო ტალღა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვერ წამოიღეს და უკვე შემდეგ, დრომ იძულებული გახადა, რომ ჩვენს მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი დაეფიქსირებინათ, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ეს შეცდომა არ არის”,– ირწმუნება მდინარაძე.

ISFED-მა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ფორმულაში დაშვებული ხარვეზის მიზეზი, რომლის გამოც ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად შედეგებში ბათილი ბიულეტენების ასახვაც მოხდა, “ადამიანური შეცდომის” ბრალი იყო.

მდინარაძეს ორგანიზაციის განმარტებებს “ბავშვურ ტყუილს” უწოდებს.

“ამ ქვეყანაში რამდენი ადამიანი გეგულებათ, ვინც ამ ბავშვურ ტყუილს დაიჯერებს? ფაქტია, რომ არჩევნების ნაცვლად, თურმე, ამ ქვეყანაში PVT გაყალბებულა”,– თქვა მდინარაძემ.