ვისაც რუსეთიდან დენი შემოაქვს, დაინტერესებულია, რომ ჰესები არ აშენდეს – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ნამახვან ჰესის საკითხი შეისწავლა და ფიქრობს,  რომ მის უკან რუსული ინტერესი დგას.

“ძალიან ბევრი ვქექე, განსხვავებით სხვებისგან, ჩავუჯექი მაგ ამბავს და თავიდან ბოლომდე შევისწავლე. მემგონი, კონკრეტული ამბავი არის ძაან, რომ რუსული ინტერესები არის, საბოლოოდ. იქ არ არის მხოლოდ ნამახვანზე ლაპარაკი, მაგალითად. ეგ არავინ არ იცის და მე გავარკვიე, რომ მარტო ნამახვანზე არ არის ლაპარაკი, 54 ჰიდროელექტროსადგურია გაჩერებული.

არც მარტო დიდ ჰესებზე არ არის ლაპარაკი, დიდი ჰესებიდან იქ სამია მხოლოდ: ხუდონი, ნენსკრა და ნამახვანი, დანარჩენი არის საშუალო და პატარა ჰესები და ყველა გაჩერებულია. ყველგან ერთი და იგივე ტიპის პრობლემებია. საბოლოო ჯამში, რომ დათვალო, შეჩერებული არის 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. 4 მილიარდი დოლარი არ შემოვიდა ქვეყანაში მაგის გამო, რომ ყველგან ყველაფერი გაჩერებულია”,- ამბობს ჯაფარიძე ფორმულას გადაცემა “კომენტარში”.

მისივე განცხადებით, ჰესების მშენებლობის გაჩერების პარალელურად ვიღაცებს რუსეთიდან დენი შემოაქვთ და ვინაიდან, საქართველო ელექტოენერგიას არ აწარმოება, რუსეთიდან იმპორტი იზრდება.

“ვისაც შემოაქვს, ის ხალხი არის კონკრეტულად დაინტერესებული, რომ ჰესები არ აშენდეს და მათ აკეთონ ასობით მილიონი ლარი, ყოველწლიურად. ეგ არის, ჩვეულებრივად, რუსული ინტერესი”,- ამბობს ჯაფარიძე .