ვისურვებდი, ქართული პოლიტიკა ჰგავდეს ქართულ პოლიფონიას – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის სურვილია, ქართული პოლიტიკა ქართულ პოლიფონიას ჰგავდეს.

მისივე თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა იდგნენ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველამ აღიარა გარდა ქართული ოპოზიციისა. ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ავტორიტეტულ ორგანიზაციებს და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან, დესტრუქციაზე ორიენტირებული ნაბიჯები კი ამ ერთსულოვნებას საფრთხეს უქმნის. ვისურვებდი, რომ ახალი 2021 წელი ყოფილიყოს მშვიდობის ჯანმრთელობის ერთმანეთის სიყვარულისა და გაერთიანების წელი.

ვისურვებდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვძლებოდეს მიუხედავად იმისა, თუ როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა გვქონდეს. ქართულ კულტურაში განსხვავებულობის ერთობით საერთო ჰარმონიის შექმნის უდიდესი ტრადიცია ათასწლეულებია არსებობს – ვისურვებდი, რომ ქართული პოლიფონიის, მრავალჟამიერის მსგავსად პოლიტიკაშიც შეგვეძლოს განსხვავებული აზრების მიუხედავად საერთო საქმის კეთება. ვისურვებდი ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას“, – თქვა კალაძემ.