ვფიქრობდი, ტრავმა ჰქონდა მიღებული, ხმამაღლა ვეძახდი – გიორგი შაქარაშვილის დედის ჩვენება

ტვ პირველმა გიორგი შაქარაშვილის დედის, თამუნა შალვაშვილის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც შვილმოკლული დედა იხსენებს 18 ივნისს, როდესაც გიორგი დაბადების დღეზე წასვლას გეგმავდა.

“2020 წლის 18 ივნისს დილით სახლიდან გავედი დაახლოებით 10:30 საათისთვის, ამ დროს გიორგი ისევ ეძინა, მას მაინც დავუტოვე თანხა, რადგან ვიცოდი, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა ქალაქგარეთ. მას შემდგომ გიორგი აღარ მინახავს. ამის შემდეგ, სანამ გიორგი წავიდოდა დაბადებისდღეზე სოციალურ ქსელ ფეისბუქის მესენჯერში მომწერა, რომ უნდა წასულიყო ფალიაშვილის ქუჩაზე სალონში. ამის შედგომ, იმის გამო რომ გიორგის ტელეფონი არ ჰქონდა, დავურეკე გურამ ამირხანაშვილს დაახლოებით 20:00 საათისთვის და ვკითხე, წავიდნენ თუ არა დაბადების დღეზე, რა დროსაც გურამ ამირხანაშვილმა მითხრა, რომ იყო დიდუბის მეტროსთან, ელოდებოდა გიორგი და უნდა წასულიყვნენ დაბადების დღეზე.

ამის შემდეგ დაახლოებით 24:00 საათისთვის დავრეკე გურამ ამირხანაშვილის ტელეფონზე, ვესაუბრე გიორგის და ვკითხე, თუ როდის მოვიდოდა სახლში, რაზეც მან მითხრა რომ დაბრუნდებოდა დილით. ასევე, ვუთხარი რომ სახლის კარს ღიას დავტოვებდი. ამ დროს გიორგი მესაუბრა ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება, შეშფოთება ან ნერვიულობ არ ეტყობოდა, მესაუბრა ჩვეულებრივად, მშვიდი ტონით”,- წერს ჩვენებაში შაქარშვილის დედა.

მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ შაქარაშილის გაუჩინარების შესახებ გურამ ამირხანაშვილმა შეატყობინა, რის შემდეგაც ისინი მცხეთაში, მის მოსაძებნად წავიდნენ.

“დაახლოებით დილის 7:00 საათისთვის სახლში დარეკა მისმა მეგობარმა, გურამ ამირხანაშვილმა და იკითხა, გიორგი იყო თუ არა სახლში მოსული, რის შემდგომაც ვუთხარით რომ გიორგი ღამით სახლში არ იყო დაბრუნებული. გურამ ამირხანაშვილმა მითხრა, რომ მცხეთაში დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბი, რის გამოც ის დაიმალა და ამის შემდგომ მან ვეღარ ნახა გიორგი. ამაზე ძალიან გავნერვიულდე და ჩემს ქალიშვილთან, ანი შაქარაშვილთან, გურამ ამირხანაშვილთან, ლაშა გურეშიძესთან, მაკა ნადირაძესთან და ოლეგ ბობოხიძესთან ერთად წავედით მცხეთაში გიორგის მოსაძნებნად. პარალელურად, ყველამ ჩვენი საშუალებებით დავიწყებთ მისი მოძიება გიორგის სანაცნობოში და მეგობრებში, მაგრამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ჩავედით მცხეთაში და გურამ ამირხანაშვილმა გვაჩვენა ადგილი, სადაც ბოლოს ნახა გიორგი. აღნიშნული ადგილი არის მცხეთაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, არაგვის ხიდის მიმდებარედ, ხიდის ქვეშ გამავალი მეორეხარისხოვანი გზა.

ჩვენ პირველად მივედით იმ ადგილას, სადაც იყო დაბადების დღე, შემდგომ წამოვედით ხიდებთან და გურამმა გვაჩვენა ადგილი, სადაც თვითონ დაიმალა და ასევე ადგილი, საითაც მან დაინახა, რომ გიორგი გარბოდა, რის შემდეგაც აღნიშნულ პერიმეტრზე დავიწყეთ გიორგის მოძებნა. ვფიქრობდი, რომ მას ჰქონდა რამე ტრავმა მიღებული, ხმამაღლა ვეძახდით მას და ვეძებდით აღნიშნულ პერიმეტრზე. თან დასახმარებლად დავრეკეთ 112-ზე და განვაცხადეთ გიორგის დაკარგვის ფაქტის შესახებ. რის შემდგომაც უკვე ინტენსიურად დაიწყო გიორგის სამძებო სამუშაოები”,- ყვება ჩვენებაში თამუნა შალვაშვილი.

მას ასევე ეკითხებიან, ჰყავდა თუ არა გიორგის შეყვარებული, რაზეც პასუხობს, რომ ბოლო პერიოდში მას შეყვარებული არ ჰყოლია.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა. პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.