ვცდილობდით, მეტი ქაოსი მოგვეწყო, რომ დალაგებული მოცემულობები აჩეხილიყო – ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციას შიგნით ქაოსი კარგია, რადგან ეს განსხვავებული აზრების არსებობის მეტ შანსს იძლევა.

“მეტი ქაოსი იყო საჭირო ისედაც, ჩვენ რამდენი ხანია ვცდილობდით უფრო მეტი ქაოსი მოგვეწყო ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში, რომ ეს დალაგებული, შეთანხმებული მოცემულობები, რომელიც ოპოზიციას შიგნით არსებობდა, აჩეხილიყო, როგორც კარტი. ჩვენი მიზანი სულ იქნება მშვიდობის დამყარება და ამ ხალხის შერიგება. აქამდე დალაგებული იყო მხარეები ისე, რომ ერთმანეთთან არ შერიგებულიყვნენ, ხოლო ეს ქაოსი და ერთმანეთთან დაპირისპირება სხვადასხვა ფორმით, რომელიც შეუძლებელია როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის შიგნით არ წარმოიქმნას, მეტს შანსს იძლევა განსხვავებული აზრების არსებობისთვის.

ოპოზიციის მთავარი პრობლემა იყო ის რასაც ოპოზიციის სიძლიერედ მიიჩნევდნენ. ერთი აზროვნება, ერთი. გაერთიანდა ყველა ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ და მათ მხოლოდ ერთი აზრი გააჩნდათ და ნებისმიერი სხვა აზრი იქოლებოდა”,– ამბობს ხვიჩია ტვ პირველთან საუბრისას.

ხვიჩიას აზრი, ოპოზიციაში მოწმენდილ ცაზე ერთმანეთის ლანძღვა დაიწყო, რისი გაჩერებაც ძალიან რთული იქნება, ასევე, ხელისუფლება ცუდ მდგომარეობაშია, რაც პოლიტიკურ სპექტრს ერთმანეთთან დალაპარაკების საშუალებას აძლევს.