ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მოლაპარაკებების პერსპექტივა–რაზე ილაპარაკეს ლვოვში ზელენსკიმ, ერდოღანმა და გუტერეშმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ლვოვში გაეროს გენერალურ მდივანთან და თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებისთვის სტუმრებთან ერთად პრესკონერენცია გამართა. მთავარი თემები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაცია და რუსულ–უკრაინული მოლაპარაკების პერსპექტივა იყო.

ერთობლივ პრესკონერენციაზე მოლაპარაკებების შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა უკრაინის მხარეს არის. თურქეთს ნატოს სხვა წევრებისგან განსხვავებით არ გაუწყიტავს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და არ შეერთებია სანქციებს, თუმცა დაგმო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ჩაკეტა შავი ზღვის სრუტეები, რისი უფლებაც ომის პირობებში ქონდა.

ზელენსკიმ და გუტერეშმა მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთის ჯარები უკანონოდ ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას დატოვებენ.

ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა ახლო მომავალში სცადოს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აპირებს განიხილოს პუტინთან ლვოვში ზელენსკისთან და გუტერეშთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები.

გაეროს გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, მოხდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ზონის დემილიტარიზაცია და დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მაგატეს მისიამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, თუმცა მხოლოდ უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორიიდან. გუტერეშმა თქვა, რომ ამ ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობა იქნება, ერდოღანმა კი “კიდევ ერთი ჩერნობილის“ საფრთხეზე ილაპარაკა.

კიდევ ერთი სიახლე პრესკონფერენციიდან: უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუტერეშმა განაცხადა, რომ მისიის ხელმძღვანელად, რომელმაც ელენოვკაში მომხდარი აფეთქების შესახებ ფაქტები უნდა დაადგინოს, რომელსაც 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, ბრაზილიელი გენერალი დაინიშნა.

მოლაპარაკებები ლვოვში თითქმის მთელი დღე მიმდინარეობდა. თავიდან ზელენსკიმ მის ტელეგრამ არხზე გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ დაწერა. კონკრეტიკა ბევრი არ ყოფილა. მისი თქმით, მათ მოილაპარაკეს “ხორბლის ინიციატივის“ კოორდინაციაზე და განიხილეს მისი განვითარების შესაძლებლობები.

ზელენსკიმ ასევე დაწერა,  რომ გუტერეშთან უკრაინელების უკანონო და იძულებით დეპორტაციაზეც ისაუბრეს, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეების და მედიკოსების გაცვლაზე.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟის თემას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მაგატეს ექსპერტების შესაძლო მისიის პარამეტრები შეათანხმეს და რაც მთავარია, ითქვა, რომ ის უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორიების გავლით უნდა შედგეს. მოგვიანებით ამის მზადყოფნა გუტერეშმაც დაადასტურა.

მანამდე რუსული მხარე ამბობდა, რომ ვერ შეძლებენ დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუ ის ფრონტის ხაზის გადაკვეთას შეეცდებოდა.

იმ დროს, როცა ზელენსკი ლვოვში გაეროს გენმდივანს და თურქეთის პრეზიდენტს ხვდებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუღებელი უწოდა წინადადებებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ მათი თქმით, ეს სადგურს უფრო დაუცველს გახდის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ დილით ამბობდა, თითქოს უკრაინული მხარე პროვოკაციებს ამზადებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში გუტერეშის და ერდოღანის ვიზიტის პარალელურად.

რაზე ილაპარაკეს ზელენსკიმ და ერდოღანმა

ამ მოლაპარაკებების შესახებ ზელენსკიმ თითქმის იგივე დაწერა, რაც გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის თაობაზე – მათ განიხილეს ხორბლის ინიციატივის გაუმჯობესება, რუსეთის მიერ ხორბლის მასობრივი ქურდობა, ასევე ბირთვული შანტაჟი ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მხრიდან. “გარდა ამისა, მხარეები შეეხნენ თავდაცვითი ურთიერთობების საკითხებს“– დაწერა ზელენსკიმ, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა. თავად თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტს მან უწოდა“ მხარდაჭერის ძლიერი მესიჯი ასეთი ძლიერი სახელმწიფოსგან.“

თურქული მედია ამბობდა, რომ ერდოღანს შეიძლებოდა ზელენსკისთვის მისი და პუტინის შეხვედრის ორგანიზება შეეთავაზებინა. თურქეთის ლიდერი საკუთარ თავს და ქვეყანას მხარეებს შუამავლად ადრეც სთავახობდა.