ზელენსკიმ 5 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 უკრაინელი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლებას ხელი მოაწერა, მათ შორის არის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის ელჩები: სლოვაკეთში, პორტუგალიაში , ირანში , ლიბანში და საქართველოში.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლებს ყველა დიპლომატს, რომლის მუშაობასაც არაეფექტურს ჩათვლის. ამ ელჩების უმეტესობა თანამდებობაზე, ჯერ კიდევ უკრაინის მე-5 პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ იყო დანიშნული და პოსტს დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ.

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. მანამდე 2015-2017 წლებში ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2010-2015 წლებში ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი, ხოლო 2004-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 1-ელ მარტს ზელენსკიმ ელჩი საქართველოდან კონსულტაციების მიზნით გამოიწვია, შემდეგ კი მისი გადაყენების შესახებ განაცხადა. ივნისში ზელენსკიმ ასევე პოლონეთში უკრაინის ელჩი ანდრეი დეშიცა ჩაანაცვლა და მისი ადგილი ახალმა ელჩმა, ვასილი ზვარიჩმა დაიკავა.