ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა – პროფკავშირები

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაშავდა და გარდაიცვალა  – აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებენ. 65 წლის მუშა ქარხანაში გუშინ 15 ოქტომბერს დაშავდა ხოლო დღეს დილით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი” – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც პროფკავშირები ავრცელებს.