“ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს“–ივანიშვილი

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა ქართული ოცნების თავმჯდომარემ , ბიძინა ივანიშვილმა. უბნიდან გამოსვლის შემდეგ კი მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

“კიდევ ერთჯელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავულოცო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში. მოგეხსენებათ, „კოვიდი“ ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოიჩინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთჯერ მინდა მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. მივიღეთ შედეგად ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად იცით რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს მაგრამ მე ვცდილობ რომ… მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ტვ პირველი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ივანიშვილის პირადმა დაცვამ საარჩევნო კაბინებს დეზინფექცია ჩაუტარა, სადაც ივანიშვილების მისვლამდე სხვა ამომრჩევლებს შესვლის საშუალება აღარ ჰქონდათ.