ზრდასრულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ზრდასრულ ამერიკელთა ნახვერაზე მეტს, კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.

18 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში მცხოვრებმა 130 მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელიც ასაკით 18 წელს ზემოთაა, ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ეს აშშ-ში მცხოვრებ ზრდასრულთა დაახლოებით 50.4%-ია.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 209 406 814 დოზა ვაქცინაა გაკეთებული, 356 505 725 დოზა კი მიწოდებული.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 131 247 546 ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად აცრილი კი 84 263 408 ადამიანია.

სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს „მოდერნასა“ და „პფაიზერის“, ასევე „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინებს.

მანამდე, სამშაბათს აშშ-ის ჯანდაცვის ფედერალურმა სააგენტოებმა „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებაზე გასცეს რეკომენდაცია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 50 წლმადე ასაკის ექვს ქალს, აცრის შემდეგ იშვიათი თრომბი განუვითარდა.

წყარო: ამერიკის ხმა