ზუგდიდელს ზუგდიდში უფრო დიდი შანსი აქვს – უდუმაშვილი უგულავას პასუხობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მაჟორიტარ დეპუტატად კანდიდატის დაყენების ერთ-ერთი კრიტერიუმი წარმომავლობაა.

გუშინ უდუმაშვილმა ენმ-ს ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატად მალხაზ ჯალაღონიას წარდგენისას განაცხადა, რომ “ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს”, რაზეც უგულავამ უპასუხა, რომ სამარცხვინოდ გამოიყურება. 

უდუმაშვილის განმარტებით, ზუგდიდელ ჯალაღონიას გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე უგულავას.

“ამ შემთხვევაში ხაზი გაესვა იმას, მალხაზ ჯალაღონია რომ არ ყოფილიყო ზუგდიდელი, არ  ვიტყოდი, ბუნებრივია. ხაზი გავუსვი, რომ ზუგდიდელია. მაშინ რატომ ვაყენებთ იგივე იმერეთსა და კახეთში კანდიდატებს მათი წარმომავლობის მიხედვით. ადამიანი, რომელიც იმ კუთხიდანაა წარმოდგენილი, უფრო დიდი შანსი აქვს. მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმომავლობა. რატომ არ დადგნენ მაშინ უგულავა და ბოკერია კახეთში? ის, რომ მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდელია, ეს ძალიან სასიამოვნოა. ის ზუგდიდში მუშაობს 36 წელია”, – აცხადებს უდუმაშვილი.

უდუმაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა, ხოლო ევროპული საქართველო ივანიშვილის დამარცხებასთან ერთად, ენმ-ს დაკნინებას ცდილობს.