ზურაბიშვილი კელის და ჰოჯესის და სხვათა კრიტიკას “უსაფუძვლო აჟიოტაჟს” უწოდებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთიანი ყარაბაღის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ გამოთქმულ კრიტიკას “უსაფუძვლო აჟიოტაჟს” უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს მსგავსი პოზიცია აქამდეც არაერთხელ დაუფიქსირებია.

ზურაბიშვილმა ელჩების 2020 წლის ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოხარულია კონფლიქტის ზონაში აღმდგარი მშვიდობის გამო და დანანებით აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის პროცესში საქართველოს საკვანძო როლი არ უთამაშია.

“კონფლიქტი კავკასიაში დიდი გამოწვევა იყო ჩვენი რეგიონისთვის, ამავდროულად მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენ რეგიონში ყველასთვის. საქართველოს დროშა არ შეიძლება იყოს პასიური ‘კავკასიის პლატფორმაზე’, ჩვენი ისტორიული როლი იყო და არის ყველას ერთად შეკრება. ვიმედოვნებ, რომ 2021 იხილავს ამაში ჩვენს აღორძინებას”, – თქვა ზურაბიშვილმა.

უცხოელი პარტნიორებისთვის საინტერესოა, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ‘კავკასიური პლატფორმის’ პოპულარიზაცია, როდესაც ეს ხელს უწყობს რეგიონის საქმეებში რუსეთის ჩარევას და აცემენტებს ოკუპანტს საზღვრებზე.

ისინი კრიტიკით შეხვდნენ ზურაბიშვილის ნათქვამსაც, რომ “მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენს რეგიონში ყველასთვის”, რადგან ვიცით, რომ ყარაბაღში “მშვიდობის დაბრუნებას” რუსული ჯარები ახორციელებენ. ეს კითხვა იან კელიმაც დასვა:

“რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში?”- ასე ეხმაურება Twitter-ზე საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის “ელჩების კონფერენცი 2020-ზე”  სიტყვით მიმართვას.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ კი კრიტიკული განცხადებები, არა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების, არამედ ოპოზიციის მხირდანაც გაკეთდა. მათი თქმით, ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულსხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე მოხდება.

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, იან კელის, ტვიტს, სადაც დიპლომატის აინტერესებს, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რეგიონალურ საქმეებში რუსეთისა და ირანის ჩარევას, ეხმაურება და ტვიტერზე წერს:

“შეცდომა… განა საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა წარმოადგენდეს სუვერენულობას? რატომაა საქართველოსთვის მომხიბვლელი გეგმა, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს საზღვრებზე? რატომ რთავას ნებას საქართველო, თავის საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში “რუსი სამშვიდობოების” გადაფრენას, როცა რუსეთის ჯარებს ქართული მიწა ოკუპირებული აქვთ?” – დატვიტა გენერალმა.