ზურა ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია შევიდა და მასალები შსს-ს გადაუგზავნა

ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია დღესაც მივიდა. ჯაფარიძის თქმით, ინპექციის  თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ ეს დარღვევის მეორე შემთხვევაა და მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნიან.

“მკითხეს, ისევ ეწევი თუ არა კომერციულ საქმიანობას აქ, მე ვუთხარი, რომ კი, ბარია ჩემი და მითხრეს, რომ ეს არის მეორე შემთხვევა და მასალებს გადავუგზავნით შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამაზე დავიშალეთ”, – თქვა ჯაფარიძემ.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელის თქმით, შსს ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებს.

“განმეორებითობის მასალები გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისინი გააკეთებენ თავის განმარტებას. გუშინ აღნიშნულ ობიექტზე დაფიქსირდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად, იქნა ორგანიზატორი იდენტიფიცირებული, რომელიც იყო ფიზიკური პირი და მის მიმართ იქნა გამოყენებული შესაბამისი სანქცია. დღეს დაფიქსირდა აღნიშნული პიროვნების მიერ განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება”,– თქვა მან.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბარს თუ დალუქავენ, ის მაინც გახსნის და მანამდე ამუშავებს, სანამ დააპატიმრებენ.