თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია – GDI

გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია  – ასე აფასებს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) Tbilisi Pride-ის დირექტორის გიორგი თაბაგარის, სამართალდამრღვევად ცნობას. GDI მიიჩნევს, 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, დაზარალებულთა სანქცირება საზოგადოებაში აგზავნის მესიჯს, რომ სახელმწიფო ახალისებს ძალადობას.

“2021 წლის 5 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში, გიორგი თაბაგარი და მისი თანმხლები პირები, იყვნენ ძალადობრივი დევნის მსხვერპლნი. ისინი მრავალჯერ დადგენ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე, თუმცა პოლიციამ ისინი არ დაიცვა. სწორედ მოძალადეებისგან გაქცევის დროს, ავტომანქანაში ყოფნისას, გიორგი თაბაგარს ძველი თბილისის სამმართველოს გამომძიებელმა დაურეკა და ოფისის კარის გასაღებად თბილისი პრაიდის ოფისში მისვლა მოსთხოვა. გამომძიებლის განცხადებით, ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სურდა. ამდენად, იმ ფონზე, როდესაც გიორგი თაბაგარისა და მისი თანმხლები პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რეალური საშიშროების წინაშე იყო და პოლიციის უმოქმედობის გამო უწევდათ მოძალადეებისგან დამალვა, შსს-ს თანამშრომელმა მას იმ ადგილას მისვლა მოსთხოვა, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.