თავდასხმა ელჩებზე, ძალადობა პოლიტიკოსებზე აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს – ზურაბიშვილი

“თავდასხმა ელჩებზე, ძალადობა პოლიტიკოსებზე აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს “- ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რითიც რესპუბლიკური პარტიის წევრებზე, ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე თავდასხას ეხმაურება და ასევე  ევროკავშირის საელჩოსთან ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ გამართულ აქციას.

“ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული. ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.

ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასავლური და ანტიევროპული სახელმწიფო. სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე? ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს”- განაცხადა ზურაბიშვილმა.