თავისუფლება არ იყიდება, გავრილოვის ღამე გათენდება! – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიას წერილი წაკითხა, რომელმაც მან ციხიდან გაუგზავნა.

წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს, მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ, მიხარია რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ 4 კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, წინაღობა, გამოწვევა მეტ ძალას, მეტ ენერგიას და შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას.

დღეს, აქ და ახლა, თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავისუფლებას. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძალისმიერ შტურმის დროს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას. არ ეშინოდა არავისი და არაფრის. ვინც იდგა ჩვენს გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვამ გამოაჩინა თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ. 2019 წლის 20 ივნისსაც და 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვების და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან ქართული სახელმწიფოს იდეას.

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მათ ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით. ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, ყოველ კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით და ისევ მხოლოდ ერთიანობით. მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად დაბრკოლებების გარეშე თავისუფლად.

მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. სამშობლოს სიყვარულის და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. დღეს საკნის 4 კედელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლება არ ღირს 40 ათასი ლარი. ეს არცერთი ადამიანის, არცერთი ჯგუფის და მითუმეტს არც პარტიული ბრძოლაა, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებისთვის – თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის.

ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ხალხის ღირსების შემლახველთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დღეს პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან. ვარ მართალი, ვარ მხნედ. ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი. ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან, იმიტომ რომ უკეთესი საქართველო იწყება ახლა აქ და დღეს ჩვენი მომავალი ბევრად უკეთესია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად, გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ”,- წერია ნიკა მელიას წერილში.