თავს მოვიჭრი, კობიაშვილს განცხადების ერთი აბზაცის დაწერის უნარიც არ აქვს – მელია

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია ქართული ოცნების წევრის, ლევან კობიაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას განცხადების 1 აბზაცის დაწერის უნარიც არ აქვს.

“კობიაშვილის განცხადება ჩემთვის სამარცხვინო იყო. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრებაში ვერ დაწერს ამ განცხადებას. ვერასოდეს ვერ დაწერს ამ განცხადებას. აი, 10 აკადემია რომ დაამთავროს, ადამიანს ეტყობა, რომ ამის დამწერი არ არის. თავს მოვიჭრი, რომ ბატონ კობიაშვილს არ შესწევს უნარი 1 აბზაცის დაწერისაც კი, რაც გავრცელდა განცხადების სახით”. – ამბობს მელია ტვ პირველის ეთერში.

ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნიკა მელიას ბრალდებას უპასუხა. მან თქვა, მელია ცილს სწამებს, რადგან მან ახალ პოლიტიკურ რეალობას ფეხი ვერ აუწყო. კობიაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავი უწყებები დაადგენენ, ვინ დაწვა მელიას ოფისი.

“ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა. მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს. მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა. მის დონეზე არ და ვერ დავალ!

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა”,- განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, ნიკა მელიას ოფისი დაწვეს. ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. მელია ვარაუდობს, რომ შტაბი კალაძე-კობიაშვილთან დაახლოვებული ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.