თამარ ჟვანიას საკითხი არ ყოფილა 19 აპრილის შეთანხმებაში – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მხარეები შეთანხდნენ საარჩევნო რეფორმაზე, ახლა კი ის ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს.

მისივე თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაში ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას საკითხი გათვალისწინებული არ ყოფილა.

“იყო დისკუსიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელობის შესახებ, თუმცა თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილი შეთანხმებაში გათვალისწინებული და ახლა მხარეებზეა დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა ისინი ამ დისკუსიას”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებს არა თამარ ჟვანია, არამედ ცესკოს ახალი ადმინისტრაცია ჩაატარებს.

“ჩვენ საოლქო კომისიებში, საუბნო კომისიებში, ყველგან დამატებით, 8 ოპოზიციონერი გვეყოლება, ცესკოში 10 ახალი წევრი იქნება, ეს არის რადიკალური ცვლილება. ჩვენი სურვილი იქნებოდა, თუმცა ეს არ არის შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, გაევლო იგივე პროცესი, როგორიც გაწერილია, შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისთვის. თუ ეს შესაძლებლობა ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა სრულად გამოვიყენებთ, ეს იქნება ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები”,- თქვა ჯაფარიძემ.