თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ – „თბილისი ენერჯი“

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ – ”თბილისი ენერჯის” წარმომადგენლების ინფორმაცით, გლდანში ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, CO-თი გარდაიცვალა.

„დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხი მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე.

გთხოვთ, არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად. დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.