თბილისის მერია “არა ნაცებს” პლაკატებს ჩამოხსნის

ქალაქში გამოჩენილ “არა ნაცებს” პლაკატებს თბილისის მერია ჩამოხსნის.მერიაში აღნიშნავენ, რომ პლაკატები მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა და ქალაქის იერსახე დაამახინჯა.

“აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს თბილსერვის ჯგუფი, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.