თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს პატიმრობა, დირექტორს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის ბრალდებულ თბილისის ცენტრალური საავადმყოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს, 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დაკავებულ კლინიკის ორ ექიმს კი პატიმრობა, მათ შორის ერთს დაუსწრებლად, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის თბილისის ცენტრალური საავადმყოს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, 2018 წელს კლინიკაში არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტი დაარწმუნეს, რომ მისი გამოკვლევები იტალიაში გადააგზავნეს და ოპერაცია 2-ჯერ ჩაუტარეს. პაციენტი 2018 წლის 11 დეკემბრიდან კომაშია.

კლინიკის დირექტორს ბრალი 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მეორე ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, საზღვარგარეთაა და საგამოძებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს. უწყების ცნობით, მას ბრალი დაუსწრებლად, 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია,დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის “აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს”.