“თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

“თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განუცხადა.

“ბრალდების მხარე “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული 3 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას. აღნიშნულ პირებს ბრალდება წარდგენილი აქვთ შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული დევნისთვის, ასევე მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის და ორგანიზებულ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობის მიღებისთვის, რაც გამოიხატა მათ მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში, ოფისში შეჭრაში, რბევასა და “თბილისი პრაიდის” კუთვნილი ნივთების და ინვენტარის დაზიანებასა და განადგურებაში. აღნიშნული ბრალდება სასჯელის საზით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით”,- განაცხადა გურულმა.