თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა

ფოტო : მთავარი არხი

შემთხვევა თბილისში – ბენდელიანის ქუჩაზე 5 ნომერში კედელი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ,  ჩამონგრეულია ორი კორპუსის გამყოფი კედლის ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ჟურნალისტებს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა, კედლის ჩამონგრევა სავარაუდოდ, წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.

„კედლის კონსტრუქციის ჩამონგრევა მოხდა. დაშავებული არავინაა, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, ხვალ დილიდან დაიწყება ნაშალი მიწის და კედლის დარჩენილი სახიფათო ელემენტის დემონტაჟი და გატანა, აქვეა მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, თუ რა ხარისხის დაზიანებაა და მომავალში რა უნდა ვქნათ. ამის შემდეგ გაკეთდება პროექტი და ახალი კედელი. მიზეზები ირკვევა, პირველადი დათვალიერებით, ეს არის წყლის მილის დაზიანება, რომელმაც ამ კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. საფრთხის შემცველი კედლები, რომელზეც ამ ქუჩიდან „ამხანაგობისგან“ განცხადებები იყო შემოსული, ყველას რეაბილიტაცია გავაკეთეთ, მუნიციპალური ლაბორატორია დარჩენილ ორ კედელსაც გამოიკვლევს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – განაცხადა ვასაძემ.