თბილისში დაკარგულ 41 წლის კაცს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 41 წლის დაკარგულს კაცს ეძებენ.

უწყების ინფორმაციით, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

“კაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა. ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები, – წერია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციაში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზები და ათეულობით პირი უკვე გამოკითხულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.