თბილისში მოქალაქეს სახლში ბრმა ტყვია შეუვარდა

თბილისში, მოქალაქეს სახლში ბრმა ტყვია შეუვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვანცა კასრაშვილი ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხდარის დროს სახლში არ იმყოფებოდა და დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა ჭერიდან ჩამონგრეული ბათქაში, ხოლო სავარძელზე ტყვია.

“სალამი მეგობრებო,

მრავალს დაესწარით და ბედნიერი წელი გქონოდეთ!

ცოტა ვიფიქრე უნდა გამომეფინა თუ არა ეს ამბავი. არა, 2022 წლის შეჯამება არ გელოდებათ წინ

ჩემს მეგობრებს მოგეხსენებათ ჩემი საცხოვრებელი სახლის კონსტრუქცია (დუპლექსი, შიდა კიბით).

ახალი წლის ღამეს ქალაქში არ ვიყავი, გუშინ დავბრუნდი და ყველა კიბის უჯრედი, პირველი სართულის ნაწილი და მეორე სართული სრულად დაფარული იყო თეთრი ბათქაშის ნამსხვრევებ-მტვერით.

სანამ მეორე სართულზე ავედი ცოცხით და აქანდაზით ჩემს ფანტაზიას ძალიან ფართო გზა გაეხსნა, დაუნანებლად

დაკვირვებული შეთვალიერების შემდეგ ჭერში აღმოვაჩინე ნაპრალის ფორმის ნახვრეტი(იხ. პირველი ფოტო), თუმცა ვინ, რამ, რატო, როგორ, როდის მოახერხა მაგ კითხვებს პასუხი ვერ გავეცი(აქ თქვენი ფანტაზიაც შეგიძლიათ ჩართოთ :დ).

დასუფთვების შემდეგ, ჩემს საყვარელ სავარძელზე მიფენილ დუტის ქურთუკს მოვკიდე ხელი და ჰოი საოცრებავ, იატაკზე დიდი ხმაურით თავი ამოყო რაღაც მძიმე საგანმა(იხ. მეორე ფოტო).

კი, არც ჩემი ფანტაზია გაწვდა ამ სცენარს. ნამდვილად ტყვია აღმოჩნდა, თან მსხვილკალიბრიანი, აი ასე უმიზნოდ გასროლილი, ალბათ.

ჩემი წელი ძალიან იღბლიანად დაიწყო, როგორც აღმოჩნდა. უბრალოდ, არ მინდა რომ სამუშაოდ სავარძელში მოთავსებულს შეგრძნება მქონდეს რომ ვიღაცის უშინაარსოდ გასროლილი ტყვია ემანდ თავში არ მომხვდეს, ან ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს დაახლოებითი სცენარი არ ეწვიოთ დაუპატიჟებლად.

ტრაექტორია ზუსტად იყო ისე ,,შერჩეული”, აფერუმ!

ეს ,,პროზა” თუ ერთ ადამიანს მაინც გადაგაფიქრებინებთ ცეცლსასროლი იარაღის მსგავს უმიზნო გამოყენებას, მისიას შესრულებულად ჩავთვლი.

თქვენი გასროლილი ტყვია დასახლებული პუნქტში ვის სავარძელს(ამჯერად) მოხვდება არავინ იცის. ამიტომ, გვაცადეთ, მრავალს დავესწროთ, ჩვენს სახლებში” – წერს მოქალაქე