თბილისში ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს – დაკავებულია 23 წლის ბიჭი

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს. შსს ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ბრალდებით, დაკავებულია 23 წლის ბიჭი.  მას ბრალი გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნ.ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი”, – წერია შსს-ს განცხადებაში.