თებერვალ-მარტში პუტინი ახალი იერიშის დაწყებას გეგმავს – Bloomberg

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება და მომდევნო თვეებში მასშტაბური იერიშის დაწყებას გეგმავს.

კრემლს სურს დასავლეთს აჩვენოს, რომ ბრძოლის ველზე ინიციატივის დაბრუნება შეუძლია, ამავდროულად კრემლში სურთ, რომ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორიებს მის კონტროლქვეშ დატოვებდა.

ვლადიმირ პუტინი კვლავ დარწმუნებულია, რომ მობილიზაციის შედეგად გაზრდილი ცოცხალი ძალისა და კიდევ უფრო დიდ დანაკარგებზე წასვლის მზაობა რუსეთს გამარჯვების საშუალებას მისცემს.

Bloomberg-ის ცნობით, გაზაფხულზე შესაძლებელია მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდეს.

დასავლეთის სადაზვერვო წრეებში ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთს მასშტაბური იერიშის წამოსაწყებად საკმარისი რესურსი გააჩნდეს. ამავდროულად დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსეთის იერიში დასავლური შეიარაღების მიწოდებამდე დაიწყება. გარდა ამისა, ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სასტიკმა ბრძოლებმა უკრაინის არმია გარკვეულწილად გამოფიტა და სხვა მიმართულებებით იერიშის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

აშშ-ისა და ევროპის დაზვერვის წარმომადგენლებს აინტერესებთ, აქვს თუ არა რუსეთს ძირითადი შეტევისთვის რესურსი, თუნდაც გასულ შემოდგომაზე დამატებით 300 000 ჯარისკაცის მობილიზების შემდეგ. ამავდროულად, უკრაინის მოკავშირეები აძლიერებენ იარაღის მიწოდებას და ემზადებიან ჯავშანტექნიკის და ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებისთვის, რომლებიც შეიძლება დაეხმარონ უკრაინულ ძალებს რუსული პოზიციების გარღვევაში.

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ჯარებმა ზაფხულში და შემოდგომაზე ელვისებური შეტევებით გაარღვიეს რუსული თავდაცვითი ხაზი, რუსეთმა გააძლიერა თავდაცვა, გამოიყენა სანგრები, ტანკსაწინააღმდეგო ხაფანგები და ნაღმები, რათა შეანელოს პოტენციური წინსვლა.