თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ პლებისციტად, კარგი მიგნებაა – იაგო ხვიჩია

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან  შეთანხმება უნდა შედგებოდეს ოთხი ნაწილისგან, რომელშიც პირველი ნაწილი ეხება პოლიტპატიმრებს, მეორე – განახლებულ საარჩევნო კოდექსს, მესამე კი სრულად პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერით.

რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, ხვიჩიას აზრით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნები შესაძლოა გარკვეულ პლებისციტად იქცეს.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები მტკიცებულება იქნება იმის დასადგენად, რამდენად გაყალბდა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

“მეოთხე ნაწილი, რომელიც ეხებოდა პლებისციტს, ჩვენ შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ რაღაც ტიპის პლებისციტად და ვთქვათ, რომ აქ თუ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას დაუჭიროს ისევ მხარი და ხელისუფლებამ გაიმარჯვოს, ჩვენი პრეტენზიები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, არსებითად გაყალბებასა და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შენელდება, თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია იგებს, თავისთავად ხელისუფლების არგუმენტებს აკლდებათ ლეგიტიმურობა, რომ ამ არჩევნებზე ყველაფერი რიგზე იყო.

ჩვენ ვერ ვადგენთ ახლა, საერთოდ გაყალბდა თუ არა არჩევნები. ჩვენც გვჭირდება მეტი მტკიცებულება ამისთვის და ხელისუფლებასაც. ამ იდეის შემოტანა არის ძალიან კარგი მიგნება და ძალიან დიდი მადლობა ფასილიტატორებს,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ რუსთავი 2–ის ეთერში.