თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის დუმის დელეგაცია მიფრინავდა შვედეთმა და ფინეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს

შვედეთმა და ფინეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია მიფრინავდა, დუმის სპიკერთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან ერთად. ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი დელეგაციის წევრებზე დაყრდნობით წერს.

“შვედეთმა და ფინეთმა ცა ჩაგვიკეტეს, ამიტომ უფრო დიდხანს მოგვიწია ფრენა“– უთხრა სააგენტოს დელეგაციის ორმა წევრმა. ეს ინფორმაცია დუმის პრეს სამსახურმაც დაადასტურა.

დეპუტატები 23–24 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კუბასა და ნიკარაგუაში იმყოფებოდნენ და ჩრდილოეთ ატლანტიკის გავლით სახლში ბრუნდებოდნენ. თვითმფრინავის მარშრუტი სტოკჰოლმის და ჰელსინკის თავზე გადიოდა, თუმცა ფრენისას კურსი შეიცვალა. თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში 45 წუთის დაგვიანებით დაფრინდა.