თვითმფრინავის მგზავრებს იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა მოუწევთ, სადაც მიფრინავენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება, ხოლო მგზავრებს მოუწევთ იმ ქვეყნების რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა, სადაც მიფრინავენ.

“თვითმფრინავის სალონში მათ მოუწევთ პირბადეების ტარება, ხოლო აეროპორტებში, სადაც ჩაფრინდებიან, მოუწევთ იმ ქვეყნების რეგულაციების დაცვა, რომელშიც ჩაფრინდებიან”,- ამბობს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე.

მისივე თქმით, აეროპორტები პირველი ივლისისთვის ემზადებიან და დისტანციის დაცვისთვის სტიკერებს აკრავენ.

“ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა”, – აცხადებს არჩუაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება.