თურნავა ამტკიცებს, რომ კომენდანტის საათი ნორმალური ვითარების შენარჩუნების საშუალებაა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომენდანტის საათს “ქმედით ბერკეტს” უწოდებს და შეზღუდვის შენარჩუნებას ამით ამართლებს.

“ვინაიდან პანდემია არსად არ გამქრალა, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, ეს გახსნები რამდენად ადეკვატურად იქნება აღქმული, მომხმარებელი რამდენად დაიცავს ყველა წესს, ბიზნესი რამდენად შეძლებს, რომ ყველა პროტოკოლი დაიცვას, ხომ არ მოხდება გაუარესება ეპიდვითარების, არ იქნებოდა სწორი და იქნებოდა უპასუხისმგებლო, რომ ქმედითი ბერკეტები არ დაეტოვებინა ხელისუფლებას, იმისთვის, რომ სწრაფად დააკორექტიროს ვითარება, თუ დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა მოიტანა ეპიდვითარების გაუარესება”,– ამბობს თურნავა.

მისივე მტკიცებით, კომენდანტის საათი ნორმალური ვითარების შენარჩუნებისთვისაა საჭირო.

“ერთერთი ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა მობილობის დაგდების, რამაც 28 ნოემბრიდან მოყოლებული მოიტანა დღევანდელი გაუმჯობესებული სიტუაცია, ეს არის ღამის საათების შეზღუდვა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მეც ვხედავ, რომ ეს დისკომფორტია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, დამტკიცებული და დატესტილია, რომ ერთერთი ბერკეტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნორმალური ვითარება შევინარჩუნოთ და ვამუშაოთ ბიზნესი, ეს არის ღამის მობილობის შეზღუდვა, ამ ეტაპზე ვიტოვებთ ამას, მომავალში შევხედოთ…”,– აცხადებს თურნავა რუსთავი 2–ის ეთერში.