“თურქული ენის თარჯიმანი მოიყვანეს” – პროკურატურამ მუხთარლი ვერ გამოკითხა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, საქართველოს პროკურატურაში თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს, ამიტომ, მისი თქმით, ჩვენება ვერ მისცა.

„კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო. პირველად მოიყვანეს თურქული ენის თარჯიმანი, უარი ვთქვი. საათ–ნახევარში მეორე თარჯიმანი მოვიდა. არც მან იცოდა აზერბაიჯანული ენა, ამიტომ დღეს იქ არაფერი ხდებოდა.

თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანულიდან ქართულად მთარგმნელი ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს”, – ამბობს მუხთარლი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

აფგან მუხთარლი თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა, რათა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, მეორე დღეს კი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს აზერბაიჯანული მხარის შეკვეთა იყო, რის შესახებაც ივანიშვილმაც და კვირიკაშვილმაც იცოდნენ.