თუ ასე ნერვიულობენ, განიცდიან მანდატების გაუქმებას, შეცვალონ პოზიცია – მდინარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში განსხვავებული აზრები არსებობს, უნდა გაუუქმდეთ თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები.

მისი თქმით, ქართული ოცნებას მანდატების გაუქმებისთვის მყარი არგუმენტი აქვს და ეს მათი სურვილია.

„ჯერ სხვაგვარი გადაწყვეტილება უმრავლესობაში არ არის ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, ვერავის მივცემ იმის გარანტიას, რომ მათ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ამაზე ძალიან ნერვიულობენ, ძალიან განიცდიან, სინამდვილეშიც ასეა. არა მხოლოდ ვარაუდის, არამედ ინფორმაციის დონეზეც შეგვიძლია ეს გითხრათ. თუ ასე ნერვიულობენ, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ. ჯობს გაიტანონ განცხადებები, შეცვალონ პოზიცია და ეს იქნება გარანტია, რომ არ შეუწყდებათ მანდატები. გუნდური, ერთობლივი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ერთი სხდომა დარჩა ამ კენჭისყრამდე და რაიმეს შეცვლის გარანტიას ვერავის მივცემ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.