თუ ვაქცინისთვის მიმართვას არ გაგზავნიან, მოქალაქეები ავიღებთ მართვის სადავეებს – ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, თუ ხელისუფლება მალტას არ სთხოვს ვაქცინებს, ამას მოქალაქეები გააკეთებენ.

მისი თქმით, დიდი შანსია, რომ მოქალაქეების მოთხოვნაზე ვაქცინა არ მისცენ, ამიტომ ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იშოვა ეს ვაქცინა და ახლა საჭიროა მათი ჩამოტანა. თუ დღეს ვერ მივიღებთ დადასტურებას, რომ მიმართვა გაიგზავნა, ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ავიღებთ მართვის სადავეებს ჩვენს ხელში და დავაორგანიზებთ, რომ მიმართვა გაიგზავნოს, მაგრამ შესაძლოა, მოქალაქეების მოთხოვნაზე ვაქცინა არ მოგვცცენ, ამიტომ ეს მიმართვა ხელისუფლებამ უნდა გაგზავნოს”, – განაცხადა ჩალაძემ მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიმართონ მალტას და ვაქცინის ნაწილი უსასყიდლოდ მიიღონ.

ამ განცხადებას უპასუხა საქართველოს ელჩმა იტალიაში, კოტე სურგულაძემ და თქვა, რომ მათ  მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია 2020 წლის დეკემბრიდან აქვთ, ხოლო სხვა წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა