თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს – ჟირინოვსკი ნავალნიზე

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კვლავ კომაშია. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ნავალნი გერმანელების აგენტია და მას სამშობლოში არც მკვდარს, არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს და მითუმეტეს, არც ცოცხალს მიიღებენ.

ჟირინოვსკიმ ნავალნი ტროცკის შეადარა და ორივეს რუსეთის სირცხვილი უწოდა.

“თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს იგი. მაგალითად, სასაფლაოზე, სადაც ჩერნობილის მსხვერპლები დაკრძალეს. ან საერთოდ, როგორც გერმანელების აგენტი, დაიტოვონ თავისთან, ჩვენ ის არც მკვდარი და არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არ გვჭირდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია, რუსეთისთვის იმაზე ცუდი პიროვნებაა, ვიდრე თავის დროზე ლეონ ტროცკი,” – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა”, – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის გერმანიაში აგრძელებს მკურნალობას.