თუ კოალიციური შეთანხმება იქნება, პრემიერობის პასუხისმგებლობას ავიღებ – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ კოალიციური შეთანხმება იქნება, რომ დათო ბაქრაძე იყოს პრემიერ-მინისტრი იმ მთავრობისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, ამ პასუხისმგებლობას აიღებს.

ბაქრაძის განმარტებით, მისი ამოცანა არა პრემიერობა, არამედ ქვეყანაში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანისთვის ცხოვრების გაუმჯობესებაა.

“თუ კოალიციური შეთანხმება იქნება, რომ დათო ბაქრაძე იყოს ასეთი პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ, მაგრამ თუ იქნება სხვაზე კოალიციურ მთავრობაში შეთანხმება და შევთანხმდებით, რომ დათო ბაქრაძის ნაცვლად სხვა უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, წინაპირობებს ჩვენ არ ვაყენეთ და ვიმეორებ, ღია კარით შევდივართ მოლაპარაკებებში სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც კრიზისიდან გამოგვიყვანს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ 4-5 ლიდერი ჰყავს, რომელსაც შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი.

„ჩვენს გუნდში არის მინიმუმ 4-5 ადამიანი, ვისაც შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი და ლიდერი, მაგრამ ჩვენი ამოსავალი წერტილი ის კი არ არის, რომ პიროვნებებს მოვარგოთ პოლიტიკა, ეს მეათასე ხარისხოვანია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორ წავიყვანოთ ეს პროცესი ისე, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ“, – თქვა ბაქრაძემ.