თუ კონფერენცია არ ჩატარდება, სასამართლო სისტემის პარალიზება მოხდება – მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, გიორგი მუქაუტაძე ამბობს, რომ თუ დღეს მოსამართლეთა კონფერენცია არ ჩატარდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოს პარალიზება მოხდება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. აქედან, ერთ-ერთ არამოსამართლე წევრს (შოთა ქადაგიძეს) უკვე გაუვიდა ვადა, საბჭო 14 წევრის შემადგენლობით ფუნქციონირებს, სადაც კიდევ 8 წევრს ვადა ერთდროულად უმთავრდება. მათგან 4 მოსამართლე, 4 კი არამოსამართლე წევრია. შესაბამისად, თუ დღეს კონფერენცია არ ჩატარდებოდა და საბჭოს ახალი წევრები არ იქნებიან არჩეული, ასეთ შემთხვევაში მოხდება სრული პარალიზება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, ისე სასამართლო სისტემის”,– ამბობს ის.

მიქაუტიძის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს მუშაობაზეა დამოკიდებული საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

“წარმოუდგენელია სასამართლო სისტემის ფუნქციონირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეშე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება სასამართლოს პარალიზება, ამიტომ ყველა ადამიანი ვინც ჩახედულია ამ საკითხში და ესმის სასამართლოს მოწყობის საკითხი დამეთანხმება იმაში, რომ საბჭოს გარეშე, დღევანდელი მდგომარეობით სასამართლოს ფუნქციონირება არის წარმოუდგენელი”, – აცხადებს მიქაუტაძე.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი, აქცია “კლანი უნდა დასრულდეს” იმართება. აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაა.