თუ მთავრობა ოპოზიციის იზოლაციას გააგრძელებს, მოუწევს ფასის გადახდა – პავილიონისი

ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მხარეებს შორის ხიდების აგებას, იმედი მაქვს, ეს გამოგვივა. ბევრი პოზიციური სიგნალი მივიღე ოპოზიციისგან, ვინც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და იმედი მაქვს, მივიღებთ ხელისუფლებისგანაც ასეთ სიგნალებს, ისინი იპოვიან დიალოგისთვის საჭირო კომპრომისს. მე ვშიშობ, რომ საქართველო ღრმად არის წასული ესკალაციის პროცესში. მაგრამ იმედი მაქვს, უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს – ორჯერ დაფიქრდით, თქვენ გაქვთ ახლა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, რომელიც უნდა გამოიყენოთ”,– ამბობს პავილიონისი.

მისივე განცხადებით, თუ მთავრობა უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს ოპოზიციას, მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა.

“თუ საქართველოს მთავრობა შეეცდება, გააძლიეროს ოპოზიციის იზოლაცია, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და ვიტყვით სიმართლეს, თუკი დავინახავთ არასწორ მოქმედებებს, ამაზე ვილაპარაკებთ და მთავრობას მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა. თუმცა, ვიმედოვნებ, აქამდე არ მივალთ და საქართველო დარჩება დემოკრატიის ჩემპიონად [რეგიონში] და გამოიყენებს შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც მისთვის ისხნება”,– თქვა ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.