თუ მიტინგის ორგანიზატორები მიშას გამოყვანას დააპირებენ, ხელისშემშლელი ვიქნები – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, არ არის პოლიტიკურ პროცესებში ხალხის ფიზიკური ჩარევის მომხრე.

მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის, თაკო ჩარკვიანი და გუბაზ სანიკიძე საზოგადობას მოუწოდებს, მიშა ციხიდან გამოიყვანონ, თუმცა არ ამბობენ – როგორ.

“მე ხვალ თუკი დავინახე, რომ მიტინგი რაიმე აქტიურ მოქმედებაზე გადადის, გამომდინარე იქიდან, არ მჯერა წარმატების აქტიური და ფიზიკური ელემენტების წინ წამოწევით, მე შევეწინააღმდეგები ხალხს. იმიტომ რომ არ მეყოფა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ხალხს გავუძღვე იქ, რისიც არ მწამს. თუ ხვალ მიტინგის ორგანიზატორები დააპირებენ, რაიმე ფორმით გააგრძელონ აქცია – გამოიყვანონ მიშა ციხიდან, ან აიძულონ ღარიბაშვილი და გამოიყვანონ კანცელარიიდან, მე არ გამოვდგები, ხელისშემშლელი ვიქნები”,– ამბობს ბობოხიძე.

მისივე აზრით, ხვალ მიტინგი მშვიდობიანად დასრულდება, ოღონდ ზეგიდან ნიკა მელიას “ჯოჯოხეთს მოუწობენ, რატომ მოგვიყვანე, რატომ დაგვშალეო”.

ბობოხიძე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა განწყობებს ქმნის ერთი ჯგუფი, რომელსაც მხარს უბამს ენმ-ს მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი.

ცნობისთვისთვის, ხვალ ნაციონალური მოძრაობა თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას აპირებს.