თუ ოპოზიციას პრობლემები აქვს, საზოგადოების ბრალია, ხალხი დღეს უღონობას ასხივებს – გვარამია

“თუ ოპოზიციას პრობლემები აქვს, საზოგადოების ბრალია, ხალხი დღეს უღონობას ასხივებს” –  განაცხადა, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სასამართლო პროცესზე.

”NDI-ს კვლევებზე ძალიან მოკლედ ვიტყვი. მე ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია ღრმად არასწორი საქციელია და საერთოდ გაუგებარია, თუ მიზნად რას ისახავს. ძირითად შემთხვევებში, ასე ვთქვათ, ეს კეთილი განზრახვებით ხდება, მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, მე ასეთი კეთილი განზრახვების არ მესმის. ამას ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერების გარდა, არანაირი შედეგი არ მოაქვს. თუ ჩვენ ამას იმის იმედად ვაკეთებთ, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება და უკეთესად დაიწყებს მუშაობას, ასეთი ტიპის შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. მე ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ და მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ ოპოზიცია განტევების ვაცად დანიშნა. მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ ვინმე სუსტია, ეს არის საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიცია და ყველაფერი დანარჩენიც, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება დღეს უღონობასა და ფრუსტრაციას ასხივებს და გადაწყვიტა, რომ ასე ვთქვათ, ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. ეს არასწორია. და თუ ოპოზიციას პრობლემები აქვს, ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ, მე მგონია, რომ ოპოზიციას უნდა შევეშვათ და რაც მთავარია, კვლევა სწორად წავიკითხოთ.”- აცხადებს გვარმია.