თუ პარლამენტის წევრი დაარღვევს პირბადის ტარების წესს, დაჯარიმდეს – ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთების გამო პარლამენტის დეპუტატებიც უნდა დაჯარიმდნენ.

ოხანაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დეპუტატებზე არანაირი გამონაკლისი არ დაუშვას.

„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კოლეგებო, არავითარი გამონაკლისი პარლამენტის არც ერთ წევრზე არ გავრცელდეს. პირიქით, მოვუწოდებ იმასაც, რომ თუ ვინმე დაარღვევს პირბადის ტარების წესს, პარლამენტის თითოეული წევრი დაჯარიმდეს. თქვენი სულისკვეთებიდან, რაც აქ მოვისმინე, მგონი, ეს მოწოდება უნდა გავაკეთოთ. თუ მიერთდებით, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არანაირი საგამონაკლისი წესი პარლამენტის წევრებზე, განსაკუთრებით ოპოზიციასთან მიმართებით (ხუმრობით, რა თქმა უნდა) არ დაუშვას.

შესაბამისად, პირბადის ტარების წესი აი, აქ, დახურულ საჯარო სივრცეში თუ დაფიქსირდება, გამოვიძახოთ პატრული, უზრუნველვყოთ იმის შესაძლებლობა, რომ ამის შესახებ შესაბამის ორგანოს შევატყობინოთ, ამ შემთხევაში, საპატრულო პოლიციას და პარლამენტის წევრები დაჯარიმდნენ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამჟამად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს განიხილავენ, რომელის მიხედვით, პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო  იურიდიული პირი, რომელიც ადამიანს შენობაში პირბადის გარეშე შეუშვებს, 500 ლარით.