თუ რაიმეა გამოსასწორებელი, უწყება ეკლესიასთან თანამშრომლობით გამოასწორებს – წულუკიანი პანსიონზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე ამბობს, რომ “თუ რამეა გამოსასწორებელი, უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით”.

“სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, უპრობლემოდ შედიან. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით.

მე პირადად, ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც, მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, იქ არცერთი პრობლემა, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არ დამინახავს. ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ და სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება”,– აცხადებს წულუკიანი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველს ნინოწმინდაში მდებარე ბავშვთა პანსიონში არ უშვებენ. უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ბავშვებს არ ეძლევათ სკოლაში სიარულის უფლებაც, რაც, მათი თქმით, უფლებების დარღვევაა.

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” სახელმწიფოს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.