თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, NATO-ს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერება – ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, “ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერება”.

ის “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს იმ 3 ძირითად ნაბიჯზე, რასაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.

„პირველი, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ვრცელი სანქციების შემუშავებაზე ფინანსური, ეკონომიკური, ექსპორტის კონტროლის და სხვა მიმართულებით. დაწვრილებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე შედეგი – შემდგომი დახმარება, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. და მესამე, თითქმის დარწმუნებით [ვამბობ], ნატოს მოუწევს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანი რუსეთთან დიალოგის შემდეგ იმედს იტოვებს, რომ ის დიპლომატიურ გზას გააგრძელებს.

“მაგრამ, ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს განაახლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ „ჩვენ“, მარტო შეერთებული შტატები. ჩვენ ვართ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის მიღმაც კი, ვინც [რუსეთის აგრესიას] ძალიან ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემს“ – აღნიშნავს ბლინკენი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.