თუ უნდა, უფრო მაგარ ოპოზიციონერად გაეძროს, გააკეთოს, რაც უნდა – ხვიჩია ჯაფარიძეს

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ელოდება, როდის გაანულებს სიას ხვიჩია. მისი განმარტებით, ხვიჩია ფორმალურად პარტიის თავმჯდომარეა, ამიტომ ცესკოს მან უნდა მიმართოს.

იაგო ხვიჩია ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდებს, თუ უნდა, რომ “უფრო მაგარ ოპოზიციონერად  გაეძროს”, შეუძლია ის გააკეთოს, რაც უნდა.

“ზურაბ ჯაფარიძემ ზუსტად იცის, მე რასაც ვაკეთებ და ისიც იცის, რომ პირველივე დღიდან რასაც ვაკეთებდით, იმის გაგრძელებაა ეს. მას თუ ახლა, ზოგადად, იმის გამო, რომ პოლიტიკური გამიჯვნა უნდა ჩვენგან და უფრო მაგარ ოპოზიციონერად უნდა გაეძროს, ამ მიზნით მას შეუძლია თვითონ გააკეთოს, რაც უნდა. მე ამასთან დაკავშირებით მას არ დავუშლი, მაგრამ გირჩს აქვს თავისი ჩამოყალიბებული სწორი პოზიცია. ძალიან მორალურად გამართული, ფაქტობრივად, უნაკლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოსწონს არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ისინი ვერ მაკრიტიკებენ საჯაროდ და ვერ იძახიან იმას, რომ ჩვენ ვინმეს შევეკარით ან შემოვეკარით”,– იაგო ხვიჩიამ ტვ პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ სიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაანულებს, თუ პარლამენტში 113 დეპუტატზე ნაკლები შეგროვდება და დარწმუნდება, რომ პარლამენტი არ შედგა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს.