თუ ფანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიშროებას არ წარმოადგენს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ჯანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიში არ არის.

მისი თქმით, ეს რეკომენდაცია ევროპის დაავადებთა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებშია ასახული, რაზე დაყრდნობითაც ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

“ეს უახლესი გაიდლაინი დაიდო 22 ივნისს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, სადაც წერტილი დაესვა საკითხს, რომ თუ კონდიციონერი ჩართულია და შიგნით არ ატრიალებს ჰაერს ღია ფანჯრების ფონზე საშიშროებას არ წარმოადგენს. ამიტომ იქნა გადაწყვეტილება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიღებული, ოღონდ იმ პერიოდში აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ პირბადე. მსგავს რეკომენდაციებზეც ვმუშაობთ, რომ ალბათ, იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ვცელდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავარ რეკომენდაციებად პირბადე, ჰიგიენა და დისტანციის დაცვა რჩება.

“ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციებში, რომელიც მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მიუთითებენ, რომ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდიციონერები, რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ, ანუ ჰაერი შემოაქვს და გააქვს. ამასთან, ერთმნიშვნელოვანი მითითებაა, რომ კონდიციონერებში გამოყენებული ფილტრები აუცილებლად უნდა იყოს ახალი გამოცვლილი ან სათანადოდ დამუშავებული და გასუფთავებული. მიუხედავად იმისა, კონდიციონერი არის ჩართული თუ არა, მთავარი რეკომენდაცია რჩება იგივე, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ პირბადე და არ დაგავიწყდეთ ჰიგიენის წესების დაცვა. ამის გარეშე ყველანაირ ქმედებას აზრი ეკარგება”. – განაცხადა ზახაშვილმა.