თუ ქართველებმა ახალ წელს ძალიან არ ავუშვით, დრამატული მატება არ უნდა იყოს – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე გამოჩნდება, რამდენად იცავდა ახალ წელს ხალხი რეკომენდაციებს.

მისი თქმით, თუ ქართველებმა “ძალიან არ აუშვეს”, მაშინ ახალი შემთხვევების რიცხვი 1000–ის ფარგლებში იქნება.

“არავინ არ წავა ექიმთან პირველ და ორ რიცხვში, თუ ძალიან არ გაუჭირდა. დღევანდელი 2000-ზე მეტი შემთხვევა, რა თქმა უნდა, არის 1-2-3 იანვარს დაგროვებული ადამიანები, ვინც არ მივიდნენ იმ დღეებში სამედიცინო დაწესებულებებში. დაველოდოთ უახლოეს დღეებს. სამწუხაროდ, 1000-ის ფარგლებში ავადობა იქნება, მაგრამ მე უფრო მეშინია 10-20-მდე რიცხვის, იმიტომ რომ ეს იქნება გამოძახილი იმისა, თუ როგორ შევეგებეთ ახალ წელს.

თუ ჩვენ ახალ წელს ყველანი ვიცავდით წესებს და ვიწრო, ოჯახურ წრეში შევხვდით, მაშინ, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება ახალი შემთხვევების რიცხვი, სადღაც 1000-ის ფარგლებში უნდა იყოს. თუ არა, მაშინ სამწუხაროდ, მოიმატებს. თუ ისე არ გავატარეთ ახალი წელი ქართველებმა, რომ ძალიან ავუშვით, იმედი მაქვს, რომ დრამატული მატება არ უნდა იყოს“,- აცხადებს იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 382 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.