თუ WHO აღიარებს, რატომაც არა – იმნაძე რუსული ვაქცინის შემოტანაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში რუსული ვაქცინა შემოვიდეს, თუ მას WHO აღიარებს.

“თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რატომაც არა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არაა, თუ იქნება აღიარებული, ისმის კითხვა, რატომ არა, მაგრამ მანამდე სხვებია რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაც​იაში”,– ამბობს იმნაძე რუსთავი 2–ის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ “მშვენიერი ვაქცინაა” ჩინური “სინოვაკი”, რომლითაც მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ რუსულ ვაქცინას მსოფლიო აღიარებს, მისი მომხმარებელი შეიძლება საქართველოც გახდეს.

„რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს ასევე „კოვაქს ფონდში“. თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, შეიძლება არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ ამის მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამის განხილვა არ მიმდინარეობს“, – თქვა ტიკარაძემ.

მისივე ვარაუდით, ვაქცინა საქართველოში მარტის თვეში იქნება.