თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ “პოსტივის” ჟურნალისტებთან ერთად, მსხვერპლი ქალების გასაჩუმებლად – სამხარაძე “ოცნებას”

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ “პოსტივის” ჟურნალისტებთან ერთად, რათა გააჩუმონ მსხვერპლი ქალები – წერს ამის შესახებ, თათია სამხარაძე, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო. სამხარაძე ასევე აცხადებს, რომ კონსულტაციებს გადის ადვოკატებთან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

“ფართო საზოგადოება კიდევ ერთ მტკიცებულებას მოისმენს დღეს, [“ფორმულას” სიუჟეტი, სადაც შალვა რამიშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი გავა] რომ შალვა რამიშვილი ნამდვილად არის სექსუალურად მოძალადე, სასამართლოში ორჯერ გამტყუნებულო მანიაკი.

მის ”კასტინგებზე” ასობით ქალი მაინც არის ნამყოფი, რომელმაც სხვადასხვა ინტენსივობის სექსუალური ძალადობა განიცადა. ვიცი, რომ ბევრი სოციო-პოლიტიკური მიზეზით ისინი ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. ჩემი სტატუსის მიზანი, რომლითაც მე ახალგაზრდებს მივმართე, სწორედ სხვა ქალების დაცვა და გაფრთხილება იყო, რომ შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები.

სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.

მივმართავ ქართული ოცნებას, თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი. ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ პოსტივის ჟურნალისტებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები.

სიმართლე მარტივია: პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით, პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქალთა ხმები საკუთარი უფლებების დასაცავად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყოს დავით კეზერაშვილის მიერ.

მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა მე არ ვყოფილვარ ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე. ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამების უმახინჯესი პრაქტიკა. მსურს დავიცვა ჩემი პატივი და ღირსება, თუმცა არ ვენდობი ქართული ოცნების სამართალაღსრულების არც ერთ შტოს, რომელიც სიამის ტყუპივით არის შეზრდილი რუსული ხელისუფლების მანკიერ ინტერესებთან — დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად ვგრძნობ და ვშიშობ, რომ ჩემი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა საქართველოში საფრთხეშია”, – წერს სამხარაძე.