თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, დამილოცნიხართ! – ნონა გაფრინდაშვილი სპორტსმენებს

თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც გიყურებთ, დამილოცნიხართ! – ასე მიმართა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიელებსა და პარაოლიმპიელებს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე.

„მოგესალმებით ძვირფასო ოლიმპიელებო, ძვირფასო პარაოლიმპიელებო, მე მგონი დღეს არის ღირსშესანიშნავი დღე, იმიტომ, რომ დამთავრდა თქვენი ნერვიულობა ოლიმპიადის ჩატარება-არ ჩატარებასთან დაკავშირებით. მე თვითონ სპორტსმენი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ასეთი დიდი ღონისძიება გაუთავებლად გადაიდება. თუმცა თქვენ უფრო დიდი გამოცდა გელით იქ, იმიტომ, რომ პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა და ძალიან შეზღუდულები იქნებით ყველაფერში – თქვენ ამხელა მანძილი უნდა დაფაროთ, ჩაფრინდეთ, უცებ გამოხვიდეთ შეჯიბრზე და დაბრუნდეთ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოცდა თქვენის. მაგრამ თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც თქვენ დღეს გიყურებთ, გისურვებთ წარმატებას. დღეს აქ მობრძანებულია მთელი ხელისუფლება, მოსულები არიან ვეტერანი სპორტსმენები და ჩვენ იმედით შემოგყურებთ თქვენ. ღირსეული გუნდი ხართ და თქვენგან ველით სერიოზულ მედლებს. ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დევიზი – „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ და დარწმუნებული ვარ ამ შემართებით იბრძოლებთ და ასე ღირსეულად დაგვიბრუნდებით. დამილოცნიხართ ისე, როგორც გლოცავთ აქ დამსწრე საზოგადოება!“- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.